რეპრესიები და ცენზურა ხელოვნების სფეროში

ლალი პერტენავა

შესავალი

ხელოვნება, როგორც კულტურის წამყვანი სფერო არის საზოგადოების შემოქმედებითი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კაპიტალი და სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული რესურსი. ხელოვანი წარმოადგენს პირს, რომელიც ინტელექტუალურ- შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად აყალიბებს იდეებს და ქმნის კულტურულ ფასეულობას. მხატვრული შემოქმედება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და აღირებული უნარია.

თანამედროვე ხელოვნება ადამიანის თავისუფალი შემოქმედებითი გამოხატვის პრინციპებს ეფუძნება და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ხელოვანები ქმნიან კრიტიკულ დისკურსს, ახმოვანებენ მათ ვისი ხმაც არ ისმის, კითხვას სვამენ საჯარო კეთილდღეობის გამოწვევებზე.

კულტურული უფლებების სფეროში, გაეროს სპეციალური მომხსენებლის თანახმად, ხელოვანები, ისევე როგორც ჟურნალისტები და ადამიანის უფლებების დამცველები, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, რადგან მათი ნამუშევრები საჯარო სივრცეში ადამიანების ხილულ ჩართულობაზეა დამოკიდებული. ხოლო, ცენზურისა და გამოხატვის კომიტეტის განაცხადის მიხედვით, ხელოვანები უნდა განიხილებოდნენ არა მხოლოდ როგორც “მხატვრები”, არამედ მათი ნამუშევრებისა და შემოქმედებითი ჩართულობის გამო „ადამიანის უფლებათა დამცველებად“.

კულტურის სფეროში მოღვაწეებისა და ინსტიტუტების თავისუფლების შეზღუდვა, ძირითადად ავტორიტარული რეჟიმების მეთოდებია. მაგალითისათვის, ბელორუსიის თავისუფლი თეატრი – საერთაშორისო თეატრალური დასი, ემსახურება მაყურებლის ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების დაცვისა და სისტემური ცვლილებების განსახორციელებისათვის. ის ბელორუსში იატაკქვეშ მოღვაწეობს, ხოლო მისმა ხელმძღვანელობამ გაერთიანებულ სამეფოს შეაფარა თავი.

2024-2025 წლებში საქართველოშიც, სახელმწიფოს რეპრესიულმა პოლიტიკის შედეგად, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 34 წლის შემდეგ, კვლავ გააქტიურდა ხელოვნებისა და ხელოვანების რეპრესიები და ცენზურა.

კვლევის შესახებ

კვლევის მიზანი იყო, 2024-2025 წლებში კულტურის სფეროში რეპრესიებისა და ცენზურის საკანონმდებლო შეფასების ანგარიშის შექმნა. ანგარიშში განხილულია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებები შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შესახებ; ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებები კულტურის სფეროში და საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა გამოხატვის თავისუფლებაზე.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა თვისებრივი კვლევა, რომელიც ემსახურებოდა 2024-2025 წლებში საქართველოში მიმდინარე რეპრესიების კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე გავლენის შესწავლას.

კვლევის ფარგლებში შედგა ნახევრადსტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუები 8 ხელოვნების პროფესიის წარმომადგენელთან, რომლებიც აზრის გამოხატვისა თუ შეკრების უფლების განხორციელებისას, არადაამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი გახდნენ. მათ შორის იყვნენ მხატვარი, ფოტოგრაფი, მწერალი, ხელოვნების ისტორიკოსი, მომღერალი და მსახიობი. რესპონდენტებიდან ერთი ქალი და ერთი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყო. გაკეთდა კულტურის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სამაგიდო კვლევა; გამოყენებული იქნა კულტურის სფეროში მოქმედი პროფესიული კავშირების დოკუმენტები. კვლევის წყაროები იყო ადგილობრივი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, კულტურის უფლებებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშები, ადამიანის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალის მიმოხილვა; ასევე, ონლაინმედიები, როგორიცაა, „რადიო თავისუფლება”, „ნეტგაზეთი” და „ბათუმელები”.

გამოხატვის თავისუფლების გარანტიები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე

კულტურის სფეროს არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, სპეციალური კანონი „კულტურის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონები, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს, გამოხატვის თავისუფლებას და უზრუნველყოფს შემოქმედების თავისუფლებას. საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ, “სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი, კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებასა და გაფართოებას და შემოქმედებით ინტეგრაციას. ამ კანონის მიხედვით, კულტურული მოღვაწეობის პრინციპებში შედის, შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, კულტურის სფეროს მონოპოლიზაციისაგან დაცვა, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელმისაწვდომობა და საჯაროობის შეუზღუდაობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) შესაბამისად, მხატვრული და შემოქმედებითი გამოხატვა არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და ხელოვანები დაცული უნდა იყვნენ ცენზურისა და ნებისმიერი სახის ზეწოლისგან თუ დაშინებისგან. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. მხატვრული თავისუფლების უფლებას იცავს კონვენციის მე-10 მუხლი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აღიარებს მხატვრულ თავისუფლებას და აღნიშნავს, რომ „მხატვრების ნამუშევრები გვთავაზობს შესაძლებლობას, მონაწილეობა მივიღოთ კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ინფორმაციისა და იდეების გაცვლაში, რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის“.

საერთაშორისო დონეზე, მხატვრული გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებას იცავს გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის (ICESCR) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები „იღებენ ვალდებულებას პატივი სცენ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელ თავისუფლებას“ და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის

(ICCPR) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, სადაც ნათქვამია, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლება მოიცავს ყველა სახის ინფორმაციისა და იდეის „ხელოვნების ფორმით“ მოძიების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას.

ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელოვნების თავისუფლების უფლება გულისხმობს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, ასოცირების თავისუფლებას, მათ შორის ხელოვანებისა და შემოქმედების უფლებას, შექმნან და შეუერთდნენ პროფკავშირებს. ამ უფლებების განხორციელება, უნდა მოხდეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე. პაქტით, სახელმწიფოებს ეძლევათ

შესაძლებლობა, მიიღონ კულტურის დაცვის, განვითარების და გავრცელებისათვის საჭირო ზომები. საქართველოს მთავრობა, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, იმ პირობით, რომ ეს შესაბამისობაშია ამ უფლებების ბუნებასთან და მიმართულია დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის ხელშეწყობისკენ. ასეთმა შეზღუდვებმა უნდა დააკმაყოფილოს

აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპები.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 1980 წლის რეკომენდაციის, ხელოვანის სტატუსის მიხედვით, ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას, რომელიც წაახალისებს მხატვრული გამოხატვის თავისუფლებას და უზრუნველყოფს შემოქმედებითი ნიჭის განვითარებისთვის ხელსაყრელ მატერიალურ პირობებს.

საქართველო ავტორიტარიზმის გზაზე

კულტურის სფეროს მართავს საქართველოს კულტურის სამინისტრო. სამინისტრო სტრუქტურითა და კანონმდებლობით საბჭოთა სისტემის მემკვიდრეა. მრავალი ინიციატივის მიუხედავად, ვერ მოხდა სამინისტროს რესტრუქტურიზაცია და მორგება კულტურის სფეროს თანამედროვე მოთხოვნებზე. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში შეინიშნებოდა მმართველი სისტემის მიერ კულტურის სფეროს პოლიტიზირების მცდელობები. ეს ტენდენცია მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის პერიოდში. საგულისხმოა „ქართული ოცნების“ მიერ კულტურის სფეროს მართვის ანატომია: პირველი კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია კულტურის სფეროდანაა, მწერალია; მეორე მინისტრი – დავით გიორგაძე სპორტისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროდან; ხოლო მესამე მინისტრი – თეა წულუკიანი, რეპრესიული აპარატის – იუსტიციის სისტემიდან. თეა წულუკიანმა გაწმინდა სფერო სპეციალისტებიდან და გზა გაუხსნა სფეროს სრული პოლიტიზერების მექანიზმს, სადაც მომდევნო მინისტრი თინათინ რუხაძე, აღარ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმღები, არამედ ცენტრალიზებული მმართველობის გზავნილების გამხმოვანებელი

წულუკიანის მინისტრობის დროს (2021-2024 წწ-დან) მოხდა კულტურის სფეროს ერთპიროვნულ მმართველობაზე სრული დაქვემდებარება. მინისტრის ბრძანებით კულტურის სამინისტროს სიპებში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნა და მათი რეორგანიზაციაც წამოიწყო. რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაანთავისუფლეს: ეროვნული მუზეუმიდან, მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, ეროვნული

კინოცენტრიდან, თეატრებიდან, შემოქმედებითი საქართველოდან. მაგ: რეორგანიზაციას ეროვნული მუზეუმის 75 თანამშრომლის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 80 თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა. შეფერხდა ან ჩაიშალა ასზე მეტი კვლევითი და სამუზეუმო საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი და ინიციატივა.

2023 წლის საიას მიერ კულტურის სფეროში მომუშავე მუშაკების გათავისუფლების საქმეების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ზოგიერთი მეცნიერის მიმართ დევნის პოლიტიკა გათავისუფლების შემდეგაც გრძელდება, რითაც მათ დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა ერთმევათ. გათავისუფლებებთან ერთად, აღინიშნება პოლიტიკური ლოიალობით განპირობებული დანიშვებიც, მათ შორის, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის რექტორების დანიშვნები.

რეორგანიზაცია მოხდა ეროვნულ კინოცენტრში, საიდანაც გაანთავისუფლეს დირექტორი – გაგა ჩხეიძე და მისი მხარდამჭერი თანამშრომლები. მის შემცვლელად კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა.

ამერიკის პენცენტრის (PEN America) 2023 წლის ანგარიშში, „კულტურის მოთვინიერება“ წულუკინის მინისტრობის დროს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების დევნის შემაშფოთებელი ტენდენციაა მიმოხილული, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ ანდა ხელისუფლების ოფიციალური ხაზისგან განსხვავებულ მოსაზრებებს გამოხატავდნენ. ამ პერიოდში, მკვეთრად გამოიხატა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ

კულტურული უფლებების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები ისეთ დარგებში, როგორიცაა ლიტერატურა, თეატრი და კულტურის კვლევა.

თეა წულუკიანი რევანშისტულ დამოკიდებულებას განამტკიცებს, უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარლგებში მოწვეულ მწერალთა კავშირის დირექტორ, მაყვალა გონაშვილთან საუბრისას წულუკიანი, პროტესტის ეპიცეტრში მდგომ მწერლებს „უმცირესობად“ აფასებს. იგი აღნიშავს, რომ მაშიდელი მწერალთა სახლი, მხოლოდ „ლიბერალური ფაშიზმის“ მიმდევარ მწერლებისთვის

იყო ღია.

რეპრესიული სისტემის საპასუხოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და ხელოვანებმა დაიწყეს თვითორგანიზება. შეიქმნა საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი. კავშირმა უსამართლოდ განთავისუფლებულ საჯარო მოხელეთა მრავალი საქმე მოიგო, თუმცა წულუკიანის სისტემამ უარი თქვა კანონის აღსრულებასა და განთავისუფლებულთა სამუშაო პოზიციებზე აღდგენაზე. დაარსდა საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები: კულტურა დემოკრატიისათვის, ქართული კინო საფრთხეშია. კულტურის სამინისტროს მიერ მწერალთა სახლის სრული დაქვემდებარების შემდეგ, მწერლების დიდი ნაწილი შეუერთდა საქართველოს პენცენტრის საქმიანობას. ვასო აბაშიძის ახალი თეატრის სახელმწიფო თეატრის დასი პროტესტის ნიშნად სცენიდან ქუჩაში გავიდა და რეგიონებში საპროტესტო მანიფესტი წარადგინა. აღნიშული თეატრის მსახიობია, ადრო ჭიჭინაძე, რომელიც პროტესტის დასაწყისიდან იყო გაფიცული და ფართომასშტაბიან აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ, ვასო აბაშიძის დასის დირექტორი, დავით დოიაშვილი, კულტურის სამინისტრომ „ვალდებულებების შეუსრულებლობის“ მოტივით, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეიძლება ითქვას, კულტურის სფეროს გაერთიანებული შეხვდა ავტორიტარიზმისაკენ მიმავალ „ქართული ოცნების“ რეპრესიულ მმართველობას, რომელიც კულტურის სამინისტროდან სრულად განევრცო აღამსრულებელ ხელისუფლებაზე და დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისამდე მივიდა.

რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა კულტურის სფეროზე

2024 წლიდან საქართველოში მიღებული იქნა რიგი კანონებისა, რომელებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ნაკისრ რეგიონალურ და საერთაშორისო ადამიანის უფლებებით გათვალისწიებულ ვალდებულებებთან. პოლიტიკური და სამოქალაქო კრიზისი გამოიწვია 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, წინასაარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებულ ცვლილებათა პაკეტი, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ,” ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებით განპირობებულ აზრის გამოხატვის სტანდარტებს. შეზღუდვები, როგორიცაა სპონტანური შეკრებებისათვის დაუყოვნებლივი ინფორმირების მოთხოვნა, შეკრებების ზოგადი აკრძალვა დახურულ სივრცეებში ან შენობებში მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა ან სახის დაფარვის ზოგადი აკრძალვა ნიღბებით, არაპროპორციულად დიდი ჯარიმები – მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევად უნდა მივიჩნიოთ. კანონები პირდაპირ აისახება შემოქმედებითი გამოხატვის ფორმებზეც. შეკრების/მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობას, დაემატა სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის შემთხვევაში გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. მშვიდობიან შეკრებისას ნებისმიერი ნიღბის ტარებაზე ბლანკეტური აკრძალვა წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაზე არაპროპორციულ შეზღუდვას. საერთაშორისო სამართლის ნორმებით შეკრებაზე ნიღბის ტარება, შესაძლოა იყოს გამოხატვის და კომუნიკაციის ფორმა, რომელიც დაცულია სიტყვისა და შეკრების თავისუფლებებით.

კოდექსში შეტანილი ცვლილებები, პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა მიმართ საპროტესტო და პოლიტიკურ გამოხატვას დაუსაბუთებლად ზღუდავს. ცვლილებების თანახმად, ისჯება საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. ამგვარი ჩანაწერი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გამტკიცებულ გამოხატვის თავისუფლების ნორმებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს, რადგან, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ სხვებისთვის მისაღებ იდეებს, არამედ ისეთ გამოხატვასაც, რომელიც შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელია. საგულისხმოა, რომ კანონი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვების დაცვის შესახებ, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას; აქტივისტურ, შემოქმედებით და მეცნიერულ საქმიანობაზე ცენზურის დაწესებას; კრძალავს „ლგბტ პროპაგანდას“ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაუწყებლის რედაქციაში, შემოქმედებით ნაწარმოებში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თანახმად, ისეთი კანონის შემოღება, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე საუბრისთვის ითვალისწიებს სანქციას, ცენზურას ან თუნდაც აკრძალვას, ბავშვების დაცვის მოტივით – არღვევს ადამიანის უფლებებს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ასეთი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებაზე ახდენს გავლენას, არა მარტო გარდაუვალი „მსუსხავი ეფექტის“ გამო, არამედ ზღუდავს ბავშვების უფლებას, მიიღონ სრულფასოვანი, ასაკისა და განვითარების შესაბამისი ინფორმაცია სექსუალობაზე, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის მაგალითები

28 ნოემბერს, თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალოვანმა სტრუქტურებმა, მშვიდობიანი აქცია უსაფუძვლოდ, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. ადამიანის უფლებებში მოღვაწე არასამთავრებო ორგანიზაციების შეფასებით, არ არსებობდა, აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი. საიას თანახმად, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, ხელისუფლების მიერ პროტესტის დაშლა „დანაშაულებრივ ოპერაციად“ შეფასდა. „საპოლიციო სადამსჯელო ღონისძიებების“ ჭრილში, აღინიშნა, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფის მიერ, აქტიური

სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დარღვევა, სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმებით, (როგორიცაა წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი), არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმა, არაკანონიერი ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა და ოფისებში, უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით. დაკავებული იყო 500 პირი. სახალხო დამცველის შეფასებით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში, მასშტაბური.

პროტესტის ავანგარდში მყოფი ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ძალადობის და წამების მსხვერპლნი გახდნენ. უსამართლოდ დაპატიმრებულ 60 პატიმარს შორის არიან მსახიობები: ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე.

კვლევის ფარგლებში, თბილისში ნოემბერ/დეკემბრის პერიოდში მიმდინარე პროტესტების ფარგლებში, უკანონო დაკავების, ჩხრეკის და არადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლ კულტურის პროფესიონალებთან შედგა ინტერვიუები. რესპონდენტები იყვნენ ფოტოგრაფი, რეჟისორი, მწერალი, მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, მუსიკოსი.

გამოკითხულთა, უმრავლესობა, მიზანმიმართულად გახდა თავდასხმის სამიზნე. მათი შეფასებით, სპეცრაზმის წარმომადგნელებმა სურათი გადაუღო ან მზერით მოძებნა და გამოაცალკევა დემონსტრანტებისგან. ძალადობა და დაპატიმრება ხორციელდებოდა, მაშინ როდესაც ისინი ემორჩილებოდნენ და არ ეწინააღმდეგებოდნენ ძალოვანებს. უმრავლესობამ, ინტერვიუში განაცხადა, რომ სამართალდამცველებისგან, უფრო მკაცრი მოპყრობის ობიექტები გახდნენ მათი პროფესიის გაჟღერების მერე. მაგალითად, გ. გ-ს ფოტოაპარატი ჩამოგლიჯეს, მას შემდეგ რაც ცემისას, უთხრა, რომ ფოტოგრაფია. ზ. რ. რომელსაც მგზავრობისას, განუწყვეტლივ ურტყამდნენ, ფიზიკური ძალადობისას, შეუარაცხყოფას აყენებდნენ რეპლიკებით „წიგნის ჭია“, მთავარია ‘‘ქართველად დარჩენა“. საია აღნიშნავს, რომ დაკავებულებს ფურგონებში, სახის, კეფის და თავის არეში სასტიკად უსწორდებოდნენ. ასეთი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ნ.დ. რომელიც 29 ნოემბერს, დაიჭირეს, მიუხედავად იმისა რომ შსს-ს მოთხოვნას დაემორჩილა. სანამ ფურგონში აიყვანდნენ, ის, სპეციალური კორდონის მიღმა გაიყვანეს, ქურთუკი და სხვა ნივთები წაართვეს. მის მიმართ შეძახილები შეიცავდა შემდეგი შინაარსის რეპლიკებს, რომ ის, ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო ან ფულზე გაყიდული. ნ. ა.-ს სასტიკი და არააადამიანური მოპყრობის სხვადასხვა ეტაპზე, მას სურათს უღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაკავების შესახებ, მათ ოჯახის წევრებს თუ ადვოკატებს, საათების განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია, მათი ადგილსამყოფელის, მდგომარეობის და საპროცესო სამართლებრივი სტატუსის შესახებ. მაგალითად, გ.მ.-ს ადვოკატი მოტყუებით უკან გააბრუნეს, როცა ის პოლიციის განყოფილებაში მივიდა. ნ.შ.-ს დაკავება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახს, მხოლოდ ექვსი საათის მერე შეატყობინეს. ზ. რ.-ის შემთხვევაში, მის ოჯახთან დაკავშირება, მხოლოდ რამდენიმე საათის შედმეგ შეძლო. გატაცების პრაქტიკა, თუნდაც რამდენიმე საათით ხშირად გამოიყენება, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში ასევე დემონსტრაციის დასაშლელად. აღნიშნული პრაქტიკა, შესაძლოა, გაუტოლდეს იძულებითი გაუჩინარების კვალიფიკაციას. ეს ხდება მაშინ, როდესაც კერძო პირები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს უფლებამოსილებით, მხარდაჭერით ან თანხმობით, ფარულად იტაცებენ, აკავებენ ან სხვაგვარად თავისუფლებას ართმევენ ადამიანებს ისე, რომ მათ მდგომარეობას ან ადგილსამყოფელს მიზანმიმართულად მალავენ, რაც ადამიანებს კანონის დაცვის მიღმა აყენებს.

დაკავებულები აღნიშნავენ აგრესიულ დამოკიდებულებას პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, სადაც ნ.შ.-ს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. გ.მ. რომელსაც ტატუები ჰქონდა, პოლიციელები მისი ტატუების შესახებ ეკითხებოდნენ დაკითხვისას; ერთი და იგივე კითხვას უსვამდნენ და ოთახში დროის სხვადასხვა მანძილზე, დაახლოებით 100-200 სამართალდამცავი შედიოდა. ის, ასევე იძულებული იყო, ფეხზე ხუთი საათი მდგარიყო. თბილისიდან 15 საათი მოუწია ტრანსპორტიება ზ.რ.-ს მჭიდროდ დადებული ხელბორკილით. თავისუფალი იზოლატორის ძებნაში ის სენაკამდე ჩაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ზ.რ.-ს ჰქონდა დაკავების შედეგად მიყენებული მნიშვნელოვანი ფიზიკური ტრავმები და ადმინისტრაციულ პატიმრობამდე ის კერძო კლინიკაში სამკურანლოდ ხელწერილით გაუშვეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, წლებია, გამოიყენება, როგორც რეპრესიული იარაღი დემონსტრანტების წინააღმდეგ. სამართლიანი სასამართლოს უგულებელყოფით ჩატარდა სასამართლოებიც. მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს, ან ნაწილობრივ არ გაითვალისწინეს მტკიცებულები, რომლებიც ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენების არასანდოობას ამტკიცებდა.

შაბლონური დასაბუთებით გახანგრძლივდა დაკავების ვადა 48 საათამდე. ზ.რ.-ის დაკავება 36 საათი გაგრძელდა, შესაბამისი დასაბუთების გარეშე. გ.მ.-ს ხოლო, ზ.რ.-ის შემთხვევაში, დაკავება 48 საათამდე გაგრძელდა.

დაკავებული პირები, რომლებიც მიყენებული სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, სავადმყოფოში არასათანადო სამედიცინო დახმარებაზე და არასათანადო სამედიცინო დასკვნების არსებობაზე მიუთითებენ. მაგალითად, ნ. ა-ს, მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინეს და სხეულის სხვა ნაწილი არ შეუმოწმებიათ, როდესაც მის სხეულზე სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. სავადმყოფოდან გაწერის მერე, საკუთარი ხარჯით, სხვა ჰოსპიტალში ჩაიტარა შესაბამისი გამოკვლევა. იგივე მოხდა, გ. გ.-ის შემთხვევაში, რომელიც, სავადმყოფოში გადაყვანის მერე, დაახლოებით ერთი საათი ითხოვდა ტკივილგამაყუჩებელს. ამასთან, არასათანადო დიაგნოზის მიღების მერე, მოუწია, სხვა დაწესებულებაში მისვლა, სადაც ფეხზე ოპერაცია ორჯერ ჩაუატარდა.

უკანონო ჩხრეკა ჩატარდა ნ.ვ.-ს სასხლში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე. წაიღეს ლეპტოპი, რომელიც მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა და ასევე, ბაბუამისის ფოტოაპარატი, რომელსაც განსაკუთრებული სენტიმენტალური ღირებულების მქონე იყო. ნ.ვ. იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ოფიცრების მოთხოვნას, პირადი ჩხრეკის მიზნით გაშიშვლებულიყო და ბუქნები გაეკეთებინა

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება და ეს დასაშვებია, მხოლოდ ინდივიდუალური რისკის შეფასებით. ნ.ვ.-ს გაშიშვლების იძულებითი და დამამცირებელი ფორმით განხორციელება, სავარაუდოდ, დამორჩილების, დასჯის ან სირცხვილის განცდის გამოწვევის მიზანს ემსახურებოდა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების უფლებას. აღსანიშნავია არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების ჩართულობა პროტესტის წინააღმდეგ. ჩვენს მიერ გამოკითხული ზ.რ. დაკავების მერე გახდა ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლი. საიას შეფასებით, აღნიშნული დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, სახელმწიფო ინსტიტუტების არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებასთან ალიანსში ხდება.

გამოკითხულთაგან, მხოლოდ რამდენიმე პირის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მხოლოდ ერთს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით, არამედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული

არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს.

დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ ძალოვანების განხორციელებული ძალადობის შედეგად, ვეღარ აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის ფოტოგრაფი იყო ხელჯოხის გარეშე ვერ გადაადგილდება. დაწყებული პროექტის დიდი ხნით შეჩერება მოუხდა ხელოვნებათმცოდნეს ჯანრმთელობის მდგომაროების გამო. ძალადობის მსხვერპლ ხელოვანებს მიღებული ფიზიკური და მატერიალური ზიანის გამო ხანგრძლივი ვადით, ხოლო ზოგიერთს შესაძლებელია, სამუდამოდ შეეზღუდათ შემოქმედებითი გამოხატვის საშუალება.

ხაზგასასმელია, რომ კულტურის სამინისტრო

არ გამოხმაურებია

კულტურის

სფეროს

წარმომადგენლების წამებისა და უფლებების

შელახვის ფაქტებს.

პირიქით, იგი თავად

გვევლინება ხელოვანების უფლების შემლახველი

და ხელოვნების ცენზურის ინიციატორი.

ხელოვნების ცენზურა

ავტორიტარული რეჟიმი ხელოვნებას ხშირად განიხილავს არა მხოლოდ როგორც შემოქმედებით გამოხატულებას, არამედ როგორც იდეოლოგიური კონტროლისა და პროპაგანდის მძლავრ ინსტრუმენტს. ცენზურა ხელოვნების სფეროში არის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნების და საზოგადოებრივი ნარატივის კონტროლის ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი.

“წინააღმდეგეგობის მუზეუმი” (the Musa-Um of Resistance)

გამოფენა “ჩემი დედა” (Muther F*cker)

2025 წლის მარტში, „წიააღმდეგობის მუზეუმის“ (the Musa-Um of Resistance) მიერ გამართული გამოფენა სახელად „ჩემი დედის“ გახსნის პირველივე დღეს მოხდა. გამოფენის ექსპოზიცია შეიცავდა პრეზიდენტ ყაველაშვილის უხამს გამონათქვამს საპარლამენტო დებატების დროს და ამონარიდებს ქართული ოცნების საპატიო თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებიდან. გამოფენის დათვალიერების შემდეგ ახალი პლატფორმის დირექტორმა პასუსიხსიმგებელ პირებს სთხოვა, გამოფენის მსვლელობა შეეწყვიტათ. პლატფორმის სივრცის დირექტორის მიერ, მოგვიანებით გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოფენა “პროვოკაციულად“ იყო შეთავაზებული და „პოლიტიკური“ სარჩული ჰქოდა. განცხადებაში, ასევე აღნიშნული იყო, რომ გამოფენის გაუქმება „კონტრაქტორების“ თხოვნით მოხდა.

გორის ხელოვნების სახლი

2024 წლის 16 ნოემბერს, გორის ხელოვნების სახლმა – გორელი მოხალისეების მიერ შექმნილმა თავისუფალმა სივრცემ – გააკეთა გამოფენა/ინსტალაცია, რომელშიც გაერთიანებული იყო სხვადასხვა პერიოდის ქართული საპროტესტო პოსტერები და სლოგანები, მათ შორის ფრაზა „ომით განადგურებული ქალაქი ბოდიშს არ იხდის“. გორის მერიის მოთხოვნით, გამოფენაც და გორის ხელოვნების სახლიც დაიხურა.

თეატრი

განსხვავებული აზრის გამო, თავდასხმის ობიექტი გახდა სამეფო უბნის თეატრშ რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლი „ლიბერტე”. სპექტაკლში გამოყენებულია „ხმამაღალი შეძახილები“, „თამამი ლექსიკა“, კერძოდ კი „ბიოლოგიური სქესისთვის შეუფერებელი ქმედებები. ” მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია წარმოდგენის ტელეფონით გადაღება, სპექტაკლის ნაწყვეტები, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ ეთერში გააშუქა. საქართველოს საპატრიარქომ სპექტკალი „ღვთისმგმობელ წარმოდგენად“ და „მკრეხელობად“ მონათლა. თეატრთან შეიკრიბა ხალხი, რომელთაც რეჟისორს მოსთხოვეს, სპექტაკლის მოხსნა. შესაძლებელი იქნებოდა შემთხვევის რელიგიური ცენზურის ჭრილში განხილვა, რომ არა ის ფაქტი, რომ დადგმის რეჟისორი ღიად აპროტესტებს მმართველი ხელისუფლების მიმდინარე რეპრესიულ პოლიტიკას; გამოიკვეთა ორმაგი: რელიგიური და სახელმწიფო მმართველობითი ცენზურა.

“ამნესტი ინტერნეშენელის” შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ რეპრესიული კანონების მიღების ანალოგი, დროის მოკლე პერიოდსა და ამგვარი მასშტაბით, რთულად თუ მოიძებნება სხვა ქვეყნის მაგალითზე. აღნიშული კანონების, „მსუსხავი ეფექტი“ კი თვითცენზურას, ცენზურას და არტისტული გამოხატვის შეზღუდვას უწყობს ხელს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ამკრძალავი კანონების „მსუსხავი ეფექტი“ – დგება მაშინ, „როდესაც პირი თვითცენზურას მიმართავს, არაადეკვატური სანქციების შიშის ან გაუმართლებლად ფართო კანონმდებლობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნის არიდების გამო. ამგვარი „მსუსხავი ეფექტი“ საზიანოა მთელი საზოგადოებისთვის.

თეატრის შემოქმედებითი თავისუფლება

რეპრესიული კანონის სამიზნე გახდა თეატრი. „პროფესიული თეატრების შესახებ კანონით“, გაუქმდა თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელი და ერთპიროვნული სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქცია თეატრის დირექტორს დაეკისრა. თეატრის დირექტორს საკუთარი შეხედულებით ნიშნავს კულტურის მინისტრი. კანონი არ შეიცავს დებულებებს თეატრის დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნის შესახებ და მკაფიოდ არ არეგულირებს თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურებს.

საგულისხმოა, რომ „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბარი აპრილიდან დაიწყო, როცა თეატრის როლი, პროტესტის დროს „მკაფიოდ“ გამოჩნდა. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ 2025 წლის 15 აპრილს, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა გააუქმა „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი“, რომელიც 2014 წელს რეჟისორ თემურ ჩხეიძემ დაარსა. ცენტში მსურველებს დრამატურგიის შესწავლა შეეძლოთ. ის საქართველოს სამინისტროს სიპმა „თეატრის და კინოს უნივერსიტეტმა“ დააარსა და კულტურის სამინისტროს მიერ ფინანსდებოდა. რეჟისორ დათა თავაძის შეფასებით ცენტრის დახურვა – „პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო პროცესის დასრულება იყო.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომედაციის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ხელოვანთა დამოუკიდებელი გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობა ხელოვნებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე, ვალდებული არიან თავი შეიკავონ კულტურის ადმინისტრატორების ან კულტურული დაწესებულებების დირექტორების ნომინირებისა თუ დანიშვნისგან მათი პოლიტიკური,

რელიგიური ან კორპორატიული კუთვნილების საფუძველზე.

ხელოვანის დევნა

ერთ-ერთი რესპონდენტი 2024 წლის პროტესტებში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას, ხოლო 2025 წლის იანვარს იძულებული გახდა, ადამიანის უფლებების სახლის ფინანსური დახმარებით, ემიგრაციაში წასულიყო, რადგან ის იყო სავარაუდო თვალთვალის ქვეშ; რამდენჯერმე მიიღო სამსახურის დაკარგვისა და დაკავების მუქარა. ის ამჟამად ლტოლვილის სტატუსის მაძიებელია ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში; არ აქვს

მუშაობის ან ქვეყნიდან გასვლის უფლება და შეზღუდული აქვს არტისტული საქმიანობაც.

საქართველო ვალდებულია დაიცვას როგორც სადაო სამხატვრო გამოხატულება, ასევე, იმ ხელოვანების გამოხატვის უფლება, რომლებიც შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხმარებიან.

დასკვნა

2024 წელს ხელისუფლების განუკითხაობამ და მთავრობის გარშემო ძალაუფლების კონსოლიდაციამ საქართველოში პიკს მიაღწია. მოხდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტება. ხელოვნება, თავისი უშუალო და კოლექტიური ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საშიშად ჩათვალა არსებულმა რეჟიმმა. მოხდა კულტურის სფეროს ერთპიროვნულ მმართველობაზე სრული დაქვემდებარება და კულტურის

სფეროს „ურჩი“ წარმომადგენლებისა და ხელოვანების პროფესიული და პირადი დევნა და შევიწროება. რეპრესიულ მმართველობა კულტურის სამინისტროდან აღამსრულებელ ხელისუფლებაზე განევრცო და დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისამდე მივიდა.

2024-2025 წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს სახელოვნებო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს და აწესებს ცენზურას შემოქმედებით და სამეცნიერო საქმიანობაზე, მათ შორისაა, კანონები „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. კანონებით დაწესებული შეზღუდვები, ეწინააღმდეგება ეროვნულ და საერთაშორისო

სამართლით გათვალისწიებულ აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. კანონები არღვევს საქართველოში სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების, შემოქმედებითი გამოხატვის ფორმების თავისუფლებას; ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს, რომელიც იცავს არა მხოლოდ სხვებისთვის მისაღებ იდეებს, არამედ ისეთ გამოხატვასაც, რომელიც შეურაცხმყოფელი

და შოკისმომგვრელია.

კანონების გარდაუვალი „მსუსხავი ეფექტი“ თვალსაჩინოა ხელოვანების რეპრესიისა და ხელოვნების ცენზურის მრავლობით შემთხვევაში

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობით, დადგინდა ხელოვანების მიმართ ძალადობის მრავალი ფაქტი ძალოვანი სტრუქტურების და მათი კონტროლირებადი უკანონო დაჯგუფებების მიერ. ძალადობის მსხვერპლ ხელოვანებს მიღებული ფიზიკური და მატერიალური ზიანის გამო ხანგრძლივი ვადით, ხოლო ზოგიერთს შესაძლებელია, სამუდამოდ შეეზღუდათ შემოქმედებითი გამოხატვის საშუალება.

კულტურის სამინისტრო არ გამოხმაურებია კულტურის სფეროს წარმომადგენლების წამებისა და უფლებების შემლახველ ფაქტებს.

უფრო მეტიც, კულტურის სამინისტრო გვევლინება სადამსჯელო უწყებად, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე დევნის პროფესიონალებს. გარდა ამისა, სახელმწიფო და რელიგიური მმართველების მხრიდან გამოვლინდა ხელოვნების ცენზურის მრავლობითი შემთხვევები, როგორიცაა გამოფენებისა და სახელოვნებო სივრცეების დახურვა, თეატრალური დადგმების დაგმობა.

2024-2025 წელს საქართველოში მიმდინარე პროცესებმა: რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალოვანების მიერ ტერორის განხორციელებამ, კულტურის სფეროში შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვამ და ხელოვანებზე უკანონო სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებამ, საქართველო დააყენა დიქტატორული რეჟიმის სახელმწიფოების რიგში, როგორიცაა რუსეთი და ბელორუსია. შეიძლება ითქვას, საქართველო კიდევ უფრო შორს წავიდა და მოკლე ვადაში რეპრესიული სისტემის დამკვიდრებით უპრეცენდენტოა.

საქართველო დღევანდელი მდგომარეობით არის ცენტრალიზებული დიქტატორული მმართველობის რეჟიმში, სადაც თავისუფალი გამოხატვისა და შემოქმედებითი საქმიანობის კრიმინალიზაცია ხდება. შემოქმედებითი თავისუფლება კი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების ქვაკუთხედია.